ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად მედპერსონალის ინფიცირებისა, ქვეყანა ექიმების გარეშე არ დარჩება. ამის შესახებ ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა
როგორც მინისტრი აცხადებს, გადამზადებულია ოჯახის და სოფლის ექიმების უმრავლესობა, შედეგად მათი ინფიცირების მაჩვენებელი ახლა არის 6.5%.
„ექიმების გარეშე, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით. მანამდე გვქონდა 11%-ზე მეტი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომლებიც არის. ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90% , ასევე ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი. ჩვენ ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ და მათი ჩატარება არც ისე რთულია, რომ მათი წესების აღსრულება ან დაცვა ვერ მოხერხდეს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, “ლელოს” წევრმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემამ პირველ რიგში ყურადღება სამედიცინო სფეროს უნდა მიაქციოს, ვინაიდან არის საშიშროება, ქვეყანა ექიმების გარეშე დარჩეს.