ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტირებების რადენობა ნაკლებია, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც შედარებით დაბალი დაფიქსირდა. ამის შესახებ ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის ინფორმაციით, ტესტირების შედეგად დღეს გამოვლენის მაჩვენებელი არის 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა.
„დღეის მდგომარეობით ჩატარდა 10 ათასამდე ტესტი. გამოვლენილი იქნა 2501 დადასტურებული შემთხვევა. იცით, რომ შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება, თუმცა ასევე მნიშნელოვანია, რომ გამოვლენა საკმაოდ დაბალია. გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა. დღეს გვყავს 3988 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვინაიდან საქართველოში 83% არის გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 988 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა, 1 540 კი გარდაიცვალა.