დაზარალებული ოჯახის პატარა წევრებს კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერმა “მეტრონომმა” საჩუქრები გადასცა
თამარ ივერის ფონდის „დაცული საზოგადოების“ მიერ ორგანიზებული კონცერტი რუსთაველის თეატრში სასიამოვნო მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, საქველმოქმედო კონცერტი 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ადამიანების იმ 5 ოჯახის დასახმარებლად გაიმართა, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. გუშინ საღამოს, რუსთაველის თეატრის სცენაზე მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები – ამერიკელი ტენორი, ჩარლზ კასტრონოვო, ეკატერინა სიურინა, ალისა კოლოსოვა, ვიტალი კოვალოვი, სერგეი მურზაევი, თამარ ივერი მღეროდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო კონცერტის ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერი ჩვენი ინტერნეტ-გაზეთი “მეტრონომიც” იყო. “მეტრონომის” რედაქციის ხელმძღვანელებმა წინასწარ მოამზადეს საჩუქრები სტიქიით დაზარალებული ოჯახის პატარა წევრებისათვის.
ასევე, კონცერტზე ცნობილი გახდა, რომ გარდა იმ თანხისა, რაც საღამოდან შემოვიდა, სტიქიის მსხვერპლთა ამ ხუთ ოჯახს თბილისის მერის დავით ნარმანიას და და კომპანია “x2”-ის ინიციატივით მშენებარე ბინები საკუთრებაში გადაეცა – ეს პუბლიკისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომელიც ქალბატონმა თამარ ივერმა უშუალოდ კონცერტის დროს, სცენიდან გაამხილა.
კონცერტს არც სხვა სურპრიზების გარეშე ჩაუვლია. თამარ ივერმა მაყურებლებს კონცერტის ერთ-ერთი მონაწილის, ალისა კოლოსოვას შესახებ ემოციური ამბავი უამბო. მომღერალი მანამდეც ამბობდა ყველა ინტერვიუში, რომ ალისა კოლოსოვა ნახევრად ქართველი იყო და მის შესახებ მოგვიანებით, უფრო ვრცლად მოუთხრობდა საზოგადოებას. სცენიდან მან მართლაც უამბო მაყურებლებს ამაღელვებელი ისტორია, თუ როგორ გაეცნო მას იტალიაში ყოფნისას ვიღაც გოგონა, უამბო, რომ ქართველი მამა ჰყავდა და სთხოვა მის მოძებნაში დახმარებოდა.
გავიდა ხანი და გოგონამ მართლა იპოვნა ქართველი მამა – გუშინ საღამოს კი ალისა კოლოსოვა მამის სამშობლოში, საქართველოში თავისი თანამემამულეების დასახმარებლად მღეროდა. დარბაზში მამამისი, პაატა ყიფშიძეც იჯდა.
კონცერტს საკმაოდ ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყო დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. საქველმოქმედო ღონისძიებას ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის გარდა, ფონდმა სტიქიის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად კერძო შემოწირულობებიც მიიღო. ოჯახების მცირეწლოვან წევრებს კი სხვა საჩუქრები – სათამაშოები, მობილური, პლანშეტური კომპიუტერი და ბევრი სხვა – კონცერტის დასასრულს, პირდაპირ სცენაზე გადაეცათ. პატარებს საჩუქრები „მეტრონომის“ წარმომადგენელმაც გადასცა.