ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა ძვირად დაუჯდება როგორც სახელმწიფოს, ასევე ოპოზიციას” – გამზარდია

ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, ძვირად დაუჯდება როგორც სახელმწიფოს, ასევე ოპოზიციას. მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილმა, უარი უნდა თქვას, კაპიტულანტურ დამოკიდებულებაზე. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ოპოზიციის ნაწილი იძახის, გარანტიას თუ მივიღებთ, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, შევალთ პარლამენტშიო. მსგავსი მიდგომა ოპოზიციის მხრიდან არის კაპიტულანტური. პირველი იმიტომ, რომ მსგავსი გარანტიები სამართლებრივად არ დგება მხარეთა პასუხისმგებლობებით და ცხადია, არც კანონით და არც კონსტიტუციით არ მყარდება. მსგავსი გარანტიები მხოლოდ პოლიტიკური კულტურის და რეპუტაციის ნაწილია.

შესაბამისად, მეორე მიზეზიც ესაა, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი ძალის თავმჯდომარემ ორჯერ წარმოდგენილი პირობა გარანტია ორჯერ უკუაგდო და უარყო, მაგალითად, ერთ წელიწადში როდესაც შეგვპირდა პროცესების მოგვარებასა და პროპორციული არჩევნების თემაზე. შესაბამისად, მეორე ფაქტორიც ესაა, რადგან ხელისუფლებას არ ჰყავს რეპუტაციული პირი, რომლის სიტყვასაც გარანტიის მსგავსი ფასი ექნება, უბრალოდ, აბსურდულია რაიმე გარანტიის თეორიული არსებობაც კი, გარდა ოფიციალურად დანიშნული ვადამდელი არჩევნებისა.

ვთხოვდი ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც პარლამენტში შესასვლელად აღარ იცის, რა მიზეზი და გასამართლებელი საშუალება იპოვნოს, თავი შეიკავოს მსგავსი რიტორიკისგან და უარი თქვას კაპიტულანტურ დამოკიდებულებაზე. გარდა ოფიციალურად ჩანიშნული რიგგარეშე არჩევნებისა, ნებისმიერი მოტივით პარლამენტში შესვლა იქნება კაპიტულაცია და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება როგორც სახელმწიფოს, ასევე პირადად ოპოზიციის შესაბამის წარმომადგენლებს“, – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....