ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“გაბრაზებული ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ტალახი წაგისვან…” – იაგო ხვიჩია

უკვე მეორე დღეა პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას მისამართით კრიტიკა ისმის. ეს კრიტიკა მისმა “ფეისბუქპოსტმა” გამოიწვია, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ დაწერა. იაგო ხვიჩიამ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა-შენახვა-ფლობა-სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო. მის ამ განცხადებას “გირჩის” თანადამფუძნებელი ნინო დარსაველიძე გამოეხმაურა და იაგო ხვიჩიას განცხადების გამო პარტიის დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევა მოითხოვა.

ამ საკითხზე კომენტირებისას იაგო ხვიჩიამ “მეტრონომთან” განაცხადა, რომ მას არ სურს ყოფილ თანაპარტიელს უპასუხოს, რადგან ეს მისი მხრიდან არასერიოზული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, აღნიშნა, რომ რეალურად, ეს კრიტიკა მის ბოლო განცხადებას არ უკავშირდება.

“არანაირი კრიტიკა ეს არ არის, უბრალოდ არ მინდა, 4 წლის წინ წასულ ადამიანზე, რომელიც კრიტიკული პოსტით გამოირჩევა ჩემს მიმართ, რაიმე ვთქვა. ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ ამ კრიტიკაში. არ მგონია, ახლა იმის დრო იყოს, რომ ძველი ამბები გავიხსენო და რეალურად, საიდან მოდის ეს კრიტიკა, ამაზე ვილაპარაკო. ძველი ურთიერთობების ხათრით პასუხს არ გავცემ ჩემს ძველ კოლეგას. ეს რომ მდომოდა “ფეისბუქზეც” დავწერდი.

არასერიოზული იქნება ახლა ამაზე ვილაპარაკო. დიდი ხნის წინ მქონდა ურთიერთობა, დიდი ხნის წინ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ყველაფერი მაშინ ითქვა. იმის გამო, რომ “გირჩი” უფრო არის ყურადღების ცენტრში მოქცეული, ისეთ ამბავს, რომელიც დიდი ხნის წინ დამთავრდა, ახლა თავიდან ვერ მივაქცევ ყურადღებას” – განაცხადა ხვიჩიამ.

“მეტრონომის” კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს კრიტიკა წარსულში მომხდარ რაიმე უთანხმოებას უკავშირდებოდეს და არა უშუალოდ მის ბოლო განცხადებას, ხვიჩიამ აღნიშნა:

“ზოგადად თქვენზე გაბრაზებული ადამიანები, ყოველთვის ცდილობენ რაღაც გამოიყენონ და ტალახი წაგისვან. ახლა ამას ვერ ავყვები, რადგან არასერიოზული იქნებოდა. ძველ ურთიერთობებს პატივს ვცემ და არ შევალ ამის გადასინჯვაში. არასერიოზულია ის, რასაც ჩემი ყოფილი კოლეგა იძახის” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თამარ შუკვანი

 

იტვირთბა....