თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ახლა დგება ის მომენტი, როდესაც წინ, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ.
„ეს კამათი ისეთივე უშედეგოა, როგორც 2008 წლის 6 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ გამართული უშინაარსო კამათი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვითხრეს ძალიან ტრაგიკული ფრაზა, რომ ეს კინო უკვე 30 წელია გრძელდება. დიახ, 30 წელია ამ კინოს ვუყურებთ. ერთადერთი განსხვავება ამ და წინა არჩევნებს შორის ის კი არ არის, რომ ასეთი უპრეცედენტო გაყალბება საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ. ეს ასე არაა, უარესი არჩევნებიც ყოფილა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ აქ მთავარი განსხვავება ისაა, რომ ყოველ 1% და 0,5%-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ახლა ვერ გავიყინებით, ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებით და ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე გაბუტული ვერ იცხოვრებს. არჩევნები გაყალბდა, მოლაპარაკებები ჩიხშია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მე 1-ელ ნოემბერსვე ვთქვი, რომ არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია ერთი არჩევანით, ერთი გამოსავლით აცოცხლებს ქვეყანას. ოპოზიციამ უნდა დააყენოს სახელმწიფო ინტერესები საკუთარ სიბრაზეზე, ეგოზე, განცხადებულ სიტყვაზე უფრო წინ და მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლის შენებაში მონაწილეობის შესახებ”, – განაცხადა ხიდაშელმა.