დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში მხოლოდ ის პრეპარატები მოხვდება, რომლებსაც ჯანმო დაამტკიცებს.
აღნიშნული განცხადებით იმნაძე, გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთი მზად არის საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V მიაწოდოს.
„არის ქართული რეგულაცია, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, აქამდეც და ამის მერეც, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ყველამ იცით, რომ ვართ კოვიდის პლატფორმაზე (COVAX), გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები ვაქცინის გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპული თუ ამერიკული მწარმოებლები არიან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინის მისაღებად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით რუსულ ვაქცინაზე ლაპარაკი არ არის“, – დასძინა იმნაძემ.