ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა საფრთხე წარმოადგენენ მეყვავილეები, რომლებიც ქუჩაში ყიდიან ყვავილების, პასუხობს, რომ მათ შეუძლიათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობ.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის საქმიანობები, მობილობის შესამცირებლად, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შეზღუდული და არც საქართველოა გამონაკლისი.
„საცალო-საბითუმო ვაჭრობა, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებითაა შეზღუდული, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს შეზღუდვაა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, ზოგადად, მობილობის შესამცირებლად, მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით – თქვენ ადევნებთ ალბათ თვალს – არის შეზღუდული”, – თქვა ფერაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილებით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს.
როგორც თავად აცხადებენ, შეზღუდვის გამო, შემოსავლის გარეშე რჩებიან.
„რით უნდა ვიცხოვროთ, მშივრები დავიხოცებით. გინდ კორონას დავუხოცივართ, გინდ შიმშილს. არ შეიძლება ის, რასაც ეს მთავრობა აკეთებს. ასეთი მთავრობა არ ყოფილა ცხოვრებაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
აღსანიშნავია, რომ ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.