შინაგან საქმეთა სამინისტრო, „რეფორმერ ფიტნესთან“ დაკავშირებით, რომელმაც მუშაობა არ შეაჩერა და „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სახლად იქირავა, განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას – კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით.
„მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქ“-ში, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნეს კლუბის დალუქვა.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მასალები.
კერძოდ,მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შპს “ონლაინ მეჯიქ” ე.წ. “რეფორმერი ფიტნესი” არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის თანახმად, 2020 წლის 28 ნოემბერს დაჯარიმებული იქნა 10 000 ლარით.
აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს “ონლაინ მეჯიქ”-ის ე.წ. “რეფორმერი ფიტნესის” ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას.
ინსპექტირების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადმოიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით“, – აცხადებენ შსს-ში.
ინფორმაციისთვის, 29 ნოემბერს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი “რეფორმერ ფიტნესი” საცხოვრებელ სახლად იქირავა და ვარჯიშის მსურველები დაპატიჟა. შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.
ამავე თემაზე: „ასე იმსხვრევა საბჭოთა კედლები – მაგარი პრეცედენტი დადო ზურაბ ჯაფარიძემ“…