თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით, ხოლო მეორე პირი არასრულწლოვანია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა.
“ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთია არასრულწლოვანი” – განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ამოღებულ სავარაუდო იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.
ცნობისათვის, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე “ავერსის” ფილიალში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს.