ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ყველა დეპუტატი, ვინც გასულია პარლამენტში, ხელს მოაწერს განცხადებას და უარს იტყვის მანდატზე” – ზაალ უდუმაშვილი

“ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ფართომასშტაბიან აქციას არ გამართავს,” – აღნიშნული განცხადება “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა “ლეიბორისტული” პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ დეკლარაციას, ასევე გაფორმდება რამდენიმე დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება მთავარი მოთხოვნები.

„იმ დღეს, როდესაც შეიკრიბება მეათე მოწვევის კომუნისტური პარტია უფლებამოსილების ცნობისთვის, ჩვენ არ გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციას, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ფართომასშტაბიანი აქციები დღის წესრიგიდან იხსნება, აუცილებლად იქნება, როდესაც ჩავთვლით საჭიროდ. ამ დღეს ოპოზიცია შეიკრიბება, ოღონდ არა მხოლოდ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი, რომელიც თვლის, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში არის ახალი არჩევნები. ჩვენ გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება დეკლარაცია, სადაც კიდევ ერთხელ იქნება ჩამოწერილი ის მოთხოვნები, რომელსაც ვაყენებთ 31 ოქტომბრის შემდეგ.

ასევე, პარტიის ხელმძღვანელები თავიანთი ხელმოწერებით მოხსნიან პარტიულ სიებს, ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკოს ამ მონაცემებით გასულია პარლამენტში, ყველა ეს დეპუტატი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს განცხადებას და უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე, ეს იქნება ჩვენი აქცია, როდესაც შეიკრიბება პარლამენტი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შეკრების დღეს ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, რომლითაც დადასტურდება, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია თუ დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის.

იტვირთბა....