კითხვის დასმის შემდეგ, მერიაში მეტრონომის ჟურნალისტს ტელეფონი გაუთიშეს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა საკრებულოს. მას შემდეგ დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა მთავარი თემად იქცა ქვეყანაში. ნარმანიას ინფორმაციით, მომავალ წელს დედაქალაქს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რომლის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა.
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე და ამ ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებზე „მეტრონომთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა რიმა ბერიძემ ისაუბრა.
„როგორც იცით თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მლნ ლარია. წელს 2015 წელთან შედარებით ქალაქის ბიუჯეტი 75 მლნ ლარით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიუჯეტში არ არსებობს გარდამავალი ნაშთი, რომელიც არსებობდა წინა წლების ბიუჯეტებში. ჩვენ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გვაქვს შენიშვნები, რადგან ეს ბიუჯეტი არ არის მთლიანად პროგრამული და მთლიანად ჩაშლილი. რეგლამენტის მიხედვით, კომისიებში მოხდება ჩვენი შენიშვნების განხილვა. იცით, რომ 2015 წელს გვქონდა დაგეგმილი პუშკინის ქუჩის რეკონსტრუქცია, თუმცა ეს პროცესი ჩვენ ცოტა გაგვეწელა. 2016 წელს მოხდება პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი გზის გახსნა, ეს კი მეტნაკლებად დაარეგულირებს საცობების თემას. ასევე იგეგმება პეკინი-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაც, რომელიც შედარებით განტვირთავს დედაქალაქს საცობებისგან. მერია გეგმავს ავტობუსების პარკინგის განახლებასაც და თბილისს 200-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება, ამის განხორციელება EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) -ის პროგრამით მოხდება“. -აცხადებს ბერიძე.
დავით ნარმანიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ ხდება თბილისი ქუჩების განზრახ დაზიანება. ჩვენ საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელს ვკითხეთ, თუ აქვს მერიას ასეთი ინფორმაცია, რატომ არ ხდება ამ ადამიანების დასჯა.
„მე ვერ გეტყვით, უმჯობესია მას ჰკითხოთ, რა ჰქონდა მხედველობაში. თუ მას ასეთი ინფორმაცია აქვს, დავალება უნდა მისცეს ზედამხედველობის სამსახურებს, შესაბამის ორგანოებს, რომელთაც ასეთი ფაქტების კონტროლი ევალებათ“. – ამბობს ბერიძე.
თბილისში საცობების პრობლება ძალიან აქტუალურია, ოპოზიიცის განცხადებით მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში არ იგეგმება ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელიც ქალაქს ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.
„ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი შემცირებულია დაახლოებით 10 მლნ ლარით . რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ბიუჯეტი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ განხორციელდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც განტვირთვას ქუჩებს საცობებისგან.
წინა წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი იყო 115 მლნ და ვნახეთ იმით რა პროექტებიც განხორციელდა. წელს 105 მილიანით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამე მნიშნველოვანი პროექტი არ განხორციელდება. ძალიან კარგი იქნებოდა მარშალ გელოვანისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთაზე დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, თუმცა ეს პროექტი ამ წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება ზოგადად, საცობების პრევენციის მიზნით გამოყოფილ თანხებს, ანუ, ვგულისხმობ სატრანსპორტო სიტემების განვითარების ბიუჯეტს, აქაც შემცირებულია ბიუჯეტი 3 მლნ ლარით“. – განუცხადა „მეტრონომს“ „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ დირექტორმა ვასო ურუშაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი არ ასახავს იმ პრობლემებს რაც ქალაქს აქვს.
„ეს ბიუჯეტი მორგებულია თავიანთ ახლობელ-მეგობრებსა და პარტიულ აქტივისტებზე, რომლებიც დაასაქმეს მერიაში. მათ 1000-ზე მეტი თანამშრომლით გაზარდეს საშტატო რიცხოვნება და 7 მლნ ლარით სახელფასო ფონდი. ამ ბიუჯეტით შემცირებულია ავარიული სახლების გასამაგრებელი თანხა. მერიაში საკუთარ ფუფუნებაზე ფიქრობენ და არა იმ თანამშრომლებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ თბილისელებისთვის. ვგულისხმობ, ბაღის მასწავლებლებს, ავტობუსის მძღოლებს, მეეზოვეებს“. – აცხადებს მელია.
მისი თქმით, მერიის პრესსამსახურში შტატგარეშედ მუშაბს ვინმე ქალბატონი ივანიშვილი, რომელიც მერმა დავით ნარმანიამ დანიშნა და რომლის თვიური ანაზღაურებაც 6225 ლარია.
ჩვენ დავუკავშირდით მერიის პრესამსახურს. მერიის პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა მას შემდეგ რაც მოისმინა ჩვენი კითხვა, გაგვითიშა ტელეფონი.
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თბილისს იმ რეალობაში მოუწევს შემდეგ წელს ცხოვრება, რაც ამ ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული.
მარიამ ვარადაშვილი