“ნიორი, ბროწეულის წვენი ან ლიმონი ადამიანს კორონავირუსისგან ვერ განკურნავს, თუმცა მათი მიღება ზოგადად სასარგებლოა”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმ მითების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის შესახებ საზოგადოებაში აქტიურად ვრცელდება.
„პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვრცელდება ინფორმაციები კორონავირუსისგან განკურნების ეფექტიანი საშუალებების შესახებ. ლაპარაკი იყო ნიორზე, ბროწეულის წვენზე და ა.შ. ერთი რამ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ეს პროდუქტები ნამდვილად სასარგებლო პროდუქტებია. ლიმონი არის ციტრუსებს შორის ყველაზე მაღალი C ვიტამინის შემცველობის. ნიორიც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არცერთ მათგანს კორონავირუსზე რაიმე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა არ გააჩნია. ეს რომ ასე იყოს, ჩვენ უკვე გვეცოდინებოდა. ავტორიტეტული ორგანიზაციები უკვე მოგვაწვდიდნენ ამის შესახებ ინფორმაციას, რადგან ეს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი პროდუქტებია. მოსახლეობას ამ პროდუქტების გამოყენება ზოგადად ორგანიზმისთვის შეუძლია, იგივე ლიმნის მიღება, რომელიც ცე ვიტამინის წყაროა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კორონავირუსთან მიმართებაში მათ რაიმე პოზიტიური ზეგავლენა არ გააჩნიათ. რაც ვიცით, რომ ზეგავლენას ახდენს, ეს არის ხელის ჰიგიენა, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.