პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნინო კალანდაძეს, გამოკითხვისას, პრაქტიკულად, არცერთ კითხვაზე ჰქონდა პასუხი.
მისივე თქმით, ნინო კალადაძის პოზიცია ავტომატურად იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია.
„მის მიერ გაკეთებული განცხადება, ავტომატურად იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეს პოზიცია იყო, მისი განცხადების შესაბამისად, ის,რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორიაში და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამ სიტყვებს ის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამ საჯარო განცხადებაში ამბობს. თუმცა, ამაზე პასუხი მას არ ჰქონდა, პრაქტიკულად, არანაირი პასუხი არ გაუცია. ასევე, სხვა შემხვედრ საკითხებთან მისი პასუხი იყო, რომ არ იცოდა, არ ახსოვდა და ეს საკითხები მასთან არ განიხილებოდა“. – განაცხადა პროკურორმა.
თავად ნინო კალანდაძის შეფასებით კი, საქმეს უჭირს.
„მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს. დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელ საზღვრების ნაწილში. ანუ, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია. ძალიან მკაცრი ინსტრუქცია არსებობს, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ბოლომდე მიიყვანონ. ამ საქმეს უჭირს, ამ საქმეს არ აქვს სისხლის სამართლებრივი ნიშნები. ეს საქმე, ბოდიში გამოთქმისთვის, ყარს, სუფთად პოლიტიკურია. ეს ესმის ყველას. აშკარად იკვეთება განწყობა, რომ ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ,”-განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ნინო კალანდაძის გამოკითხვა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.