ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობის შტაბიდან ინფორმაციები ჟონავს” – მამუკა მდინარაძე

“ნაციონალური მოძრაობის შტაბიდან ინფორმაციები ჟონავს,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უტყუარია და ის კონკრეტულ მეთოდებზეც საუბრობს.

“გუშინ გვიან ღამით გახდა ჩვენთვის ცნობილი. არაერთხელ ვთქვით, რომ განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის” შტაბიდან ჟონავს ინფორმაციები. ისინი გეგმავენ, უფრო კონკრეტული რომ ვიყო და ისინიც რომ მიხვდნენ რომ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, საუბარია ზუგდიდსა და აჭარაზე.

ერთგან იყო მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ კამერა და შემდეგ შორი რაკურსით გადაეღოთ ორი-სამი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემენ და შეექმნათ ფონი, თითქოს მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. ცდილობდნენ, რომ ისეთი რაკურსი აეღოთ, რომ ამ ადამიანების გარჩევა ყოფილიყო შეუძლებელი.

მეორე იყო, რომ ერთი და იგივე ადამიანი უნდა შეეყვანათ უბანზე და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ. ჯერჯერობით, ყოველი შემთხვევისთვის, არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ფიქსირდებოდეს, თუმცა დაველოდოთ, დღის განმავლობაში არაფერია გამორიცხული”, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობისთვის, კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში იმართება.

იტვირთბა....