„პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ელჩებს იმისთვის არ ხვდებიან, რომ დათმობაზე წავიდნენ.
„გაიმართა ერთი-ერთზე შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. კრიზისი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობა. ეს კრიზისი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ არასდროს საქართველოში არ მოხდეს არჩევნების გაყალბება. ჩვენი პოზიცია ცხადია, ქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს. ეს პოზიცია ჩემი აკვიატება ან პარტიული გადაწყვეტილება ხომ არაა, ესაა საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, რომელიც სრულად გამოხატავს ქართველის ხალხის აზრს, ამიტომ რაიმე კორექტირებები ნიშნავს, რომ თავი გაირიყო შენი ქვეყნისგან. ელჩები დელიკატურად მოქმედებენ, რეკომენდაციები, დავალებები და საკუთარი აზრის გადმოშლა არ ახასიათებთ. ცდილობენ, მაქსიმალური კომპრომისის მონახვას, რათა შედეგი დადგეს და შედეგად უნდათ დემოკრატიული საქართველო. თუ „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წავა, მას წაიყვანენ, ხალხი წაიყვანს“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.