ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაღალი რანგის პოლიტიკოსთა პირად ამბიციებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც შუასაკუნეებში. პოლიტიკა ხშირად ინდივიდების ხუშტურების მიხედვით კეთდება” – გურული

დიდი პოლიტიკისაგან შორსმდგომი ადამიანებისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ დიდი პოლიტიკა ხშირად ინდივიდების ხუშტურების მიხედვით კეთდება – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“მახსოვს, 2007 წელი იყო, რუსეთ-საქართველოს ომი ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანდა, როდესაც „ჩარლი უილსონის ომს“ ვუყურე. იმ ღამეს კარგა ხანი არ დამეძინა. ვფიქრობდი. არ მჯეროდა, მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი მხოლოდ ერთი ადამიანის წამოწყებული რომ აღმოჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ ტეხასელი კონგრესმენის, მარტინ ფროსტის ინტერვიუს წავაწყდი სადღაც, – ჰოლივუდმა ჩარლი უილსონის ამბავი კი არ გააზვიადა, პირიქით, ბევრად უფრო ბაც ფერებში დახატაო-.

დიდი პოლიტიკისაგან შორსმდგომი ადამიანებისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ დიდი პოლიტიკა ხშირად ინდივიდების ხუშტურების მიხედვით კეთდება. დღესაც, თანამედროვე მსოფლიოში, უამრავი დემოკრატიული საკონტროლო მექანიზმის მიუხედავად, მაღალი რანგის პოლიტიკოსთა პირად ამბიციებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც შუასაკუნეებში.

მახსოვს 2012 და მაკკეინის მხარდასაჭერი კომიკური კამპანია თბილისში; არადა, ამერიკულ შიდაპოლიტიკაში ოდნავ გარკვეულებმაც კი კარგად იცოდნენ, რომ მაკკეინის გამარჯვების შანსი პრაქტიკულად ნულოვანი იყო. მერე რა მოხდა, ყველამ კარგად ვიცით… არ შევუდგები პრეზიდენტ ტრამპის პიროვნების გარჩევას. ფაქტია, რომ ამერიკელთა 50 % მისი მხარდამჭერია. რატომ და რისთვის, ეს გრძელი თემაა და ამაზე ბევრი დაიწერება თავის დროზე. ახლა უბრალოდ იმას შეგახსენებთ, რომ ეს წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი უაღრესად სერიოზულად ეპყრობა პირად ურთიერთობებს, მითუმეტეს მოძულეებთან. ამასაც აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ძალიან დაძაბულად ჩაიარა ამერიკულმა არჩევნებმა. პრინციპში, ჯერ ოფიციალურად არც არის დასრულებული. არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. თბილისში ჯერ კიდევ ძველი ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ელჩი და დაზვერვის სფეროს მაღალჩინოსნები არიან. თავის ბოლო ვიზიტს აკეთებს სახელმწიფო მდივანი, რომელმაც ჯერ კიდევ გამოფრენამდე მიიღო ალბათ საინფორმაციო-სადაზვერვო დაიჯესტი, თუ როგორ არის განწყობილი ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიმართ ქვეყნის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წამყვანი პარტია, მისი ლიდერები … დანარჩენის მიხვედრა მკითხველის ფანტაზიისათვის მიმინდვია.

– მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ქვეყნის ლიდერები პირადი განწყობების მიხედვით არ მოქმედებენ – შემეკამათებიან მავანნი. უყურეთ „ჩარლი უილსონის ომს“ …

ქართულ ოპოზიციურ სპექტრს დიდი ალბათობით გაუმართლა. ორიოდე თვის შემდეგ ალბათ ახალი ადმინისტრაცია ჩაიბარებს მსოფლიოს მართვის სადავეებს და იქნებ … მანამ კი, კიდევ ერთი რჩევაც. ქართველი პოლიტიკოსი უპირველეს ყოვლისა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არის ანგარიშვალდებული და უნდა გააკეთოს ის, რაც მათ საუკეთესო ინტერესებშია. ამიტომ, მაინცდამაინც ახლა ნუ მოვინდომებთ მავან უცხოელთა „კეთილი რჩევების“ გათვალისწინებას, მითუმეტეს წარმავალთა. მომავლისათვის კი გასათვალისწინებელია ეს გაკვეთილები. მონღოლთა სამეფო კარზე ატეხილი ინტრიგების არასწორად აღქმამ დააკარგვინა სიცოცხლე თავის დროზე დემეტრე თავდადებულს; მაშინ მან მოახერხა ამ ფასად ქვეყნის გადარჩენა. დღეს ისევ სასწორზე დევს საქართველოს ბედი…”, – წერს გურული.

იტვირთბა....