ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელიას განცხადებით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე თუ რით შეუძლია მთავრობას დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს, მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ.
მისივე თქმით, შეხვერაზე ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის.
„საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 პროცენტი იყოს, ჩვენთან 37 პროცენტამდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა, ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი – კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდსასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება“, – განაცხადა დავით გადელიამ.
ამავე თემაზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, აუცილებელი არ არის კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰოსპიტალში იყოს.