რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, აუცილებელი არ არის კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰოსპიტალში იყოს.
როგორც მან პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განმარტა, დაავადების მართვა ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროში საშიშროებას არ წარმოადგენს.
„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო სწორედ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების პრობლემა. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს დაწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, რათა ჩვენ მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს და აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში იმისათვის, რომ შენი დაავადება მართო, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში განხორციელდეს ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
მისი თქმით, ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, 24-საათიანი მეთვალყურეობა საავადმყოფოში.
„ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. კიდევ გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები. დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში უკვე უნდა მთლიანად ჩამოყალიბდეს ყველა ეს კრიტერიუმი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა და ვფიქრობ, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილია ტესტირების რაოდენობების გაზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს “, – განაცხადა გოფოძემ.