რატომ რჩებათ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს სხვადასხვა სახის პრობლემები და რამდენ ხანს გრძელდება ისინი? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ ჯიდევ არ არის ცნობილი. სამაგიეროდ, დადგენილია ის გართულებები, რომელსაც ინფექციაგადატანილი პაციენტები ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაშიც განიცდიან.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძეს ამბობს, რომ შემდგომი გართულებები ძირითადად გვხვდება იმ პაციენტებში, რომლებმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანეს და დასჭირდათ რეანიმაცია. თუმცა შესაძლებელია მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებშიც დარჩეს გარკვეული დარღვევები. მაგალითად, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, რომელიც ბევრ მსუბუქ პაციენტს აქვს. ეს შეიძლება, რომ არ აღდგეს დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე თვეშიც კი.
“ძირითადად, მაინც გამოვყოფდი სუნთქვის გაძნელებას გარკვეული პერიოდი. ეს იმ პაციენტებს ემართებათ, რომელთაც ჰქონდათ პნევმონია და რეანიმაციაში მკურნალობდნენ. გარდა ამისა, შეიძლება 2 თვის განმავლობაში ადამიანს დარჩეს ზოგადი სისუსტე, კონცენტრაციის დარღვევა, კიდურების კანკალი, მეხსიერების პრობლემები. შესაძლებელია დეპრესიული გამოვლინებებიც, მათ შორის შფოთვა, უძილობა, ზოგადი გაღიზიანება და ა,შ. ხშირია ღვიძლის უკმარისობის პრობლემაც. კოვიდ-9 ღვიძლის ფუნქციას აუარესებს, რის გამოც, გამოჯანმრთელების შემდეგაც შესაძლოა, გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანს დარჩეს ამ მხრივ პრობლემა. ორგანიზმში დაგროვდეს მომწამვლელი ნივთიერებები, დაერღვეს საჭმლის მომნელებელი ფუნქცია და ა.შ. გვქონდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევებიც. პაციენტს გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, შარდის გამოყოფის პრობლემა ჰქონდა და საჭირო გახდა ამ მიმართულებით მკურნალობა.
რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ გართულებებს, მე მაინც გამოვყოფდი ფილტვის დაზიანებით გამოწვეულ სუნთქვის მწვავე უკმარისობასა და ზოგად სისუსტეს, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი კლინიკიდან გაეწერება და მას ისევ აქვს სუნთქვის გართულება. ასეთ დროს მიზანშეწონილია სპეციალური სასუნთქი მოწყობილობის შეძენა. ეს არის სპეციალური დანადგარი, კონცენტრატორი, რომელიც იყიდება აფთიაქებში და როგორც ვიცი, ქირავდება კიდეც” – განუცხადა “ამბებს” ინფექციონისტმა.