ძალიან წუხდა კახა, რომ საჯაროდ ვერ მოყვებოდა და ახლა მგონი მოხსნა ბარამიძემ ეგ ბარიერი და შევუსრულებ – ამის შესახებ, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და 2012 წელს კახა ბენდუქიძესთან დაპირისპირებას იხსნებეს:
“გიგა ლეიბორისტების ოფისში წავიდა, ოპოზიციის შეკრებაზე და რაც წავიდა, მას მერე ვიცინი… გიგას სახე წარმოვიდგინე ბარამიძე რომ შეუვარდეს ლეიბორისტების ვენახში და “ჩა – მო-დი” სკანდირება დაიწყოს.
მოკლედ, 2012 წელს, კახა ბენდუქიძესთან ერთად ტაბულასგან ტელევიზიის კეთება დავიწყე.
ვისაც კახასთან ბიუჯეტზე უმუშავია, დაახლოებით იცის ეს რა პროცესიცაა – მის მიერვე მოცემულ ფარგლებში ყველა კაპიკის დასაბუთება რკინის არგუმენტებით, გამოთვლა – რა ჯდება პირობითად ლევან რამიშვილის ერთი საათი, რას გამოიმუშავებს პირობითი ლევან რამიშვილი ერთ საათში, რაში გვჭირდება “ფალშპოლი”, რატომ არ შეიძლება კაბელები კედლებზე გავუშვათ, რად მინდა სარკე, თუ გრიმიორი მყავს… მოკლედ დიდი მხიარულება იყო.
კახა უხეში იყო და უცნობ ადამიანებს შოკში აგდებდა ხანდახან – ამიტომ მე შევისწავლე ინჟინრობაც, ფინანსისტობაც… და მარტო დავდიოდი, რომ სტაფი არ დამეფრთხო და მე გავმკლავებოდი მედგრად.
ამასთან, არჩევნები ახალი წაგებული გვქონდა და ბიუჯეტზე საუბრისას, კახა ბრაზსაც იღებდა თავის ყოფილ თანაგუნდელებზე – ბოლო ხმაზე მიყვიროდა, წინა ხელისუფლების წევრებისთვის განკუთვნილ ეპითეტებს.
მოკლედ, ყოველ დღე 4-5 საათის განმავლობაში ვხვდებოდით – კახა თან იცლებოდა და თან ერთობოდა.
“არაუშავს თამუნა, სამაგიეროდ თქვენ იქნებით ტელევიზიის პირველი დამფუძნებელი, რომელმაც კარგად იცის რა არის ექსელი” – ძალიან რომ გაჭედავდა, მერე ამ სიტყვებით მამშვიდებდა ხოლმე.
მოკლედ, ერთ დღესაც მორიგი დავიდარაბა იყო “ფალშპოლზე” – გინდა თუ არა დამიმტკიცე, რომ საჭიროაო, რატომ არ გინდა ეგ კაბელები კედლებზე გაატაროო.
ძალიან რომ მომაწვა, მარტივი პასუხით თავის დაძვრენა ვიფიქრე – ყველას ასე აქვს, მეთქი და და გადაფსიხდა.
“თამუნა, ახლა თქვენ გია ბარამიძესავით ლაპარაკობთ”.
და აი აქ მოხდა, რაც მოხდა – გავმწარდი, წამომივიდა ცრემლები და და ავყვირდი – გია ბარამიძეც ხართ და შორენა შავერდაშვილიც მეთქი დავკიოდი ბოლო ხმაზე.
წამოვხტი და მივატოვე, გზად კარებიც ჩამოვუღე – ისე გავუჯახუნე.
კახას გაოგნებული სახე მახსოვს – გრიგალივით რომ გამოვვარდი კაბინეტიდან.
მოვედი სახლში გაბრაზებული და დამხვდა კახას მესიჯი “მაპატიეთ თამუნა, მე არ მინდოდა თქვენი წყენა”.
მეორე დღეს ისევ შევხვდით – იჯდა, იგუდებოდა სიცილით, რაც მე ბილწი სიტყვები ვიძახე (არ ჩამოვთვლი, ძალიან მრავალფეროვანი პალიტრა ჰქონდა) და წარბი არ შეგიხრიაო.
რა ცუდია, რომ საჯაროდ ვერ მოვყვები, რაზე დაიწყე ტირილიო.
მოკლედ, ძალიან წუხდა კახა, რომ საჯაროდ ვერ მოყვებოდა და ახლა მგონი მოხსნა ბარამიძემ ეგ ბარიერი და შევუსრულებ”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, “TV პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ, გია ბარამიძის განცხადებას, რომელიც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, ოპოზიციური პარტიების ლიდერების გაღიზიანება მოჰყვა.