ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას შესახებ სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ღლონტი ამბობს, რომ სამართალდამცავები ესებუას “დაიჭერენ და მოკლავენ კიდეც”. ამის შესახებ მან Ambebi.ge-ს განუცხადა.
“უკეთესი იქნებოდა, რომ მალევე მოეხერხებინათ მისი დაკავება. ეს უფრო მეტ პროფესიონალიზმზე იმეტყველებდა, თუმცა დიდი დროც არ არის გასული. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მას აუცილებლად დააკავებენ. დროის ამბავია. არ ვიცი, რა ეტაპზეა ახლა ოპერატიული სამუშაოები, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მალე მოხდება. დაიჭერენ და ჩემი აზრით, მოკლავენ კიდეც. სად უნდა წავიდეს? ფული დანომრილია და მის გამოყენებას ვერ შეძლებს. წარმოუდგენელია, ქვეყნის დატოვება შეძლოს. ვერც აფხაზეთში გადავა და მითუმეტეს, ვერც სხვა რომელიმე ქვეყანაში. მაშინვე აიყვანენ. იდენტიფიცირებულია და ყველამ იცის მის შესახებ. როგორც კი ფულის გამოყენებას ეცდება, ბანკში მაშინვე განგაში ატყდება. საერთოდ, ბანკის აღება არის ყველაზე დიდი სისულელე. პრაქტიკულად, ყველა ასეთი დანაშაული ყველა ქვეყანაში იხსნება” – განაცხადა გიორგი ღლონტმა.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.