ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, კითხვა, რომელიც ოპოზიციამ დასვა

„არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ოპოზიციასთან პირველივე შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდებოდა, თუმცა პოზიტიურია, რომ დიალოგი დაიწყო“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის
ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია აქვს.

„პირველ რიგში პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი შედგება, რაც შეეხება საკითხებს და იმ პოზიციებს, რომელიც განსხვავებულია პარტიებს შორის, ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა, საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს.

საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური. გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს. მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც დიპლომატები ესწრებოდნენ.

იტვირთბა....