რასაკვირველია, არჩევნები იქნება ამერიკის საგარეო მდივნის დღის წესრიგში, მაგრამ ბრიყვულია იმის მოლოდინი, რომ პომპეო გააკეთებს ჩვენს საქმეს და პოლიტიკურ ცვლილებას გამოიწვევს – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დასავლეთის მხარდაჭერა ვერ ექნება იმ ძალას, რომელსაც ლიდერის როლზე ისეთი წარმოდგენა აქვს, როგორიც ნაციონალურ მოძრაობას.
“დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებლად ექნება იმ ძალებს, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია და ამ რეგიონში დასავლური ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის იბრძვის.
დასავლეთის მხარდაჭერა ვერ ექნება ისეთ ოპოზიციას, რომლის ბელადიც ერთპიროვნული მმართველობისკენ ისწრაფის და დასავლურ კოლონიალიზმზე ქადაგებს.
დასავლეთის მხარდაჭერა ვერ ექნება იმ ძალას, რომელსაც ლიდერის როლზე ისეთი წარმოდგენა აქვს, როგორიც ნაციონალურ მოძრაობას.
დასავლეთის მხარდაჭერა გვექნება მაშინ, როდესაც ოპოზიციაში იარსებებს ისეთი სპექტრი, რომელიც რეტროგრადი, მეგალომანიაკი ბელადის გავლენისგან სრულიად თავისუფალია და მასთან დაპირისპირებას არ ერიდება. (საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დასავლეთის შეუპოვარი მხარდაჭერა ამის დასტურია – სააკაშვილი მთლიანად გაემიჯნა ამ პროცესს, როცა მოსყიდულები და სულელები გვიძახა და შედეგი დავდეთ).
მეგალომანიაკი ბელადის ბოდვების იგნორირება (ვითომ არ არსებობს და ვითომ ფაქტორი არ არის) დანარჩენ ოპოზიციას ძალიან, ძალიან ძვირი უჯდება და მთელი მათი ძალისხმევა წყალში იყრება.
ყველა, ვინც გეუბნებათ რომ “ახლა ოპოზიციაში კინკლაობის დრო არ არის” ან ძალიან გულუბრყვილოა, ან ამ ქვეყნის დემოკრატიის მტერი, იმიტომ რომ მკაფიო შეფასებების გარეშე, დემოკრატიული განვითარების კალაპოტში ვერ დავბრუნდებით.
და კიდევ ერთი:
პროტესტის მნიშვნელობა რასაკვირველია მესმის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროტესტი არ ჩაქრეს.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის პროტესტის გალვანიზაციისთვის მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციაა.
ახლა ყველაზე სწორი ნაბიჯი ის იქნება, დემოკრატიული ოპოზიციის (ევროპული საქართველო, გირჩი, ვაშაძე, ლელო) ლიდერები მთელ ქვეყანაში გაიშალონ, ფეხით, კარდაკარ იარონ და კარგად აუხსნან ამომრჩეველს, რაზეა პროტესტი, ვინ არიან თვითონ და რისთვის იბრძვიან – სატელევიზიო ეთერი მაგას არ ყოფნის. ფეხით უნდა მივიდეთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი.