სს „თელასის“ განცხადების თანახმად, თუ ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში აღებული მაჩვენებლით აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია თვეში არ აღემატება 200 კვტ/სთ, მასზე მთავრობის მიერ დადგენილი შეღავათი გავრცელდება, რომელიც ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, თუ მომხმარებელმა უკვე გადაიხადა დავალიანება, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება მის სააბონენტო ბარათზე მომდევნო ხარჯის დაფარვის მიზნით.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად სს „თელასის“ მომხმარებლები 2020-2021 წლის ოთხი თვის მანძილზე კომუნალური სუბსიდიების პროგრამით ისარგებლებენ. ამასთან, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე შეუძლიათ www.gnerc.org/ge/covid-19. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით კომისიის ქოლ ცენტრს – 16 216“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.