ჯანმო იმედოვნებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პირველ ვაქცინებს 2021 წლის მარტისთვის მიიღებს, რაც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მრჩევლმა, ბრიუს ეილვარდმა განაცხადა.
„მარტისთვის, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ მდგომარეობას. ამ დროისთვის უკვე გვექნება არა მხოლოდ საშუალებები, არამედ ვაქცინებიც“,- განაცხადა ბრიუს ეილვარდმა.
ცნობისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა COVID-19-ის ინფექციის პრევენციაში.