ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აქციამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს” – კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა , რომ ქარველი ხალხი იწონებს ამ არჩევნების შედეგებს და  ამას აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა ცხადყოფს.

“ჩვენ თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. თუმცა, როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, აქციაზე ადამიანების რაოდენობას, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება. შესაბამისად, დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს.

ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, როგორებიც დღეს გამოდიოდნენ მაგალითად ტრიბუნიდან. ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....