“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქციების დროს დააჯარიმებენ, ფინანსურად დავეხმაროთ, – აღნიშნული ინიციატივით „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ გამოდის.
ასევე, „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ მეორე ინიციატივითაც გამოდის და განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასაშვებად ფულის შეგროვების კამპანია დაიწყოს.
1. ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდებს, ვინც ამ აქციების დროს იქნება დაჯარიმებული, დავეხმაროთ ყველას უკლებლივ და ერთობლივად ავიღოთ ის ფინანსური ტვირთი, რასაც მათ „ოცნების“ ხელისუფლება, „ოცნების“ პროკურატურა დააკისრებს.
2. დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად ფულის შეგროვების კამპანია.
ანუ, როგორც ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის დროს აგროვებდა ხალხი ფულს, როდესაც ქართუ ბანკის ანგარიშების დაყადაღება ხდებოდა, ახლა მის გაშვებაში მივიღოთ მონაწილეობა.
ბოლოს და ბოლოს მოვუგროვოთ ის თანხა, რომელიც მისთვის საკმარისი იქნება, იქნებ დატოვოს ეს ქვეყანა და ქარვასლად აღარ აქციოს. რადგან, რასაც ბოლო წლებია ვუყურებთ, ღირსება მათთვის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ფინანსური ინტერესები. ეს კი იმის დასტურია, რომ საკუთარ ხალხს ეს ადამიანი არ იცნობს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით 70 000 ლარი შეეფარდა. სასამართლომ ნიკა მელიას გირაოს გადახდისთვის 50 დრე განუსაზღვრა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, დალი მეტრეველმა მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვის გამოსვლის დროს ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა.
ნიკა მელიას სამაჯური 3 ივლისს გაუკეთეს, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა. მანამდე მას საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას პროკურატურა 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ედავება.