სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე გამოკითხვა ვერ შედგა. რაფიკ ორუჯოვის განცხადებით, შეკითხვებს მხოლოდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. როგორც მან აღნიშნა, ელექტროშოკი მას პირადი უსაფრთხოებისთვის სჭირდებოდა, რადგან მაღაზია აქვს და ღამით უწევს გადაადგილება.
“ვარ მეწარმე, მაღაზიისთვის მინდოდა, გაჩხრიკეს მანქანა, იპოვეს ელექტროშოკი. მაღაზია მაქვს, ღამე დავდივარ, მაგიტომ მჭირდებოდა” – აცხადებს რაფიკ ორუჯოვი.
ორუჯოვის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ელექტროშოკი თავდაცვის მიზნით ჰქონდა, რაც კანონდარღვევა არ არის.
რაფიკ ორუჯოვი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დევი ჭანკოტაძის შტაბის აქტივისტია, ორუჯოვის დაკითხვას “ნაციონალურ მოძრაობაში” ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლად აფასებენ.