პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი კახიანი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს.
მისი თქმით, სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო არჩევნების პირველი ტური.
„სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო არჩევნების პირველი ტური, ამ ფონზე მათი პოზიცია აბსურდული ჩანს. იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს და შემდგომ უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღებენ მონაწილეობას. თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, რა მოხდება სამართლებრივად იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, მოხდება ის, რომ არჩევნები შედგება, ჩატარდება მეორე ტურიც და პარლამენტის ფუნქციონირებასაც თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ოპოზიცია მის ბლოკირებას მოახდენს, ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე ვფიქრობ, ხელის გადაწევის პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ, აქ მთავარია ის, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. როცა საუბრობენ, რომ რაღაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი, საჩივრებში ხომ უნდა აისახებოდეს, რამდენადაც ინფორმირებული ვარ, დაახლოებით, 450 საჩივარია. თუმცა, ამას აქვს თავისი განხილვის ვადა, ჩავთვალოთ, რომ პროპორციული არჩევნები არის უკვე შემდგარი და იმავდროულად ლეგიტიმურად ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,“- განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.