ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემია, პრემია პრემია…

კანონი, რომელიც მოსახლეობაზე ვერ მუშაობს

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებდა, პარლამენტმა მეორე მოსმენით განხილვისას ჩააგდო.
ქუცნაშვილის  კანონპროექტის მიხედვით, 2017 წლის 1-ელ იანვრამდე (“საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის ძალაში შესვლამდე), პრემიის მიღების უფლება შემდეგ თანამდებობის პირებს უჩერდებოდათ:

საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გამგებლებს.
ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.

თანამდებობის პირებისათვის პრემიის აღების ამკრძალავი პროექტის წინააღმდეგ ხმა დეპუტატებმა ლევან ბერძენიშვილმა, მალხაზ წერეთელმა და ზვიად ძიძიგურმა მისცეს. “მეტრონომი” დაინტერესდა კონკრეტული  მიზეზით და ლევან ბერძენიშვილსა და  მალხაზ წერეთელს დაუკავშირდა.

ლევან ბერძენიშვილი: “პრემიების წინააღმდეგ მე ხმა არ მიმიცია. მომისმინეთ კარგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალიან სერიოზული კანონი, რომელსაც ჰქვია, “კანონი საჯარო მოხელეების შეახებ” – ეს არის უზარმაზარი კანონი.

გუშინ, რომ იყო ასეთი ერთგვერდიანი ისეთი კი არ არის. სერიოზული, დიდი კანონპროექტია, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ამ კანონპროექტის ამოქმედების მიხედვით, საქართველოში    საერთოდ არ იქნება პრემია, არავის არ ექნება პრემია. ეს კანონი მიღებული გვაქვს. ამ კანონის მიღებაზე პირადად მე ბევრი ვიმუშავე სხვებთან ერთად. არა მარტო ხმა მივეცი, არამედ განვიხილე. ამის შემდეგ შემოვიდა ეს კანონპროექტი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, სადაც ლაპარაკია, რომ რამდენიმე თვით ერთ ორ კაცს, სანამ ის კანონი ამოქმედდება მანამდე ვიღაცას რაღაცა წავართვათ. მე სიამოვნებით, არ დავუჭერდი ხმას, მაგრამ გამოვიდა შესაბამისი კომიტეტის თავჯდომარე, რომელმაც ნახევარი საათი ილაპარაკა, იმაზე თუ ვის დარჩება პრემიები ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში და გაირკვა, რომ თურმე არსებობს სპეციალური კანონები, რომელსაც ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი. ფაქტობრივად, ეს კანონპროექტი არაფერს არ ცვლიდა. შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც ერთ-ორ კაცს, ვიღაცას რაღაცას ართმევს. ეს უბრალოდ ამყარებდა უთანაბრობას, ზოგს წაართმევდა, ზოგს – არა. მაშინ როდესაც ჩვენს მიერ უკვე მიღებული კანონი, საჯარო სამსახურის შესახებ ყველას წაართმევს პრემიებს. საქართველოში ვერავინ ვეღარ მიიღებს ვერანაირ პრემიას. ეს საჯარო სამსახურს ეხება. ამიტომ არ დაუჭირეთ მხარი. არ დაუჭირეთ მხარი არა პრემიების მიცემა- არმიცემას, არამედ იმ კანონპროექტს, რომელიც ამ საკითხს ვერ აგვარებდა და მხარი დავუჭირეთ მანამდე იმას, რომელმაც ეს საკითხი უკვე მოაგვარა. ასე რომ, სულ მალე როგორც კი  ამოქმედდება საქართველოში “საჯარო სამსახურის შესახებ კანონი” ვერავინ მიიღებს საქართველოში პრემიას.”

მეტრონომი: თქვენ რაც პარლამენტში ხართ პრემია არ აგიღიათ?

– “არა, ჩვენ, პრემია… 2012 წელს რაც მოქმედებდა იმ კანონით ყველამ აიღო პრემია, იმიტომ რომ ვერ მოვასწარით გაუქმება. ახალი მოსულები ვიყავით და მერე გავაუქმეთ. ორი თვის პრემია აიღო პარლამენტმა, მინდა იცოდეთ. ამის მერე იგი გავაუქმეთ, შევიდა ახალი წლიდან ძალაში და 2013 წლის პირველი იანვრიდან არცერთი პარლამენტარს არ აუღია პრემიის სახით არცერთი თეთრი. მე ლევან ბერძენიშვილს პრემია არ ამიღია ცხოვრებაში არასოდეს, არსად არცერთ სამსახურში, არც პარლამენტში არც უნივერსიტეტში და არც როგორც  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს.

დავუკავშირდით ასევე დეპუტატ მალხაზ წერეთელსაც:

მალხაზ წერეთელი: “ზედმეტი იყო ახლა კიდევ ეს კანონი. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა არსებობდეს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენლების პილიტიკური ნება, რომ ეს პრემიები არ აიღონ?! არ უნდა ამას კანონი.

მეტრონომი თქვენ აგიღიათ პრემიები?

– 2012 წლის შემდეგ პრემია არ ამიღია… მაშინ ავიღე ერთი თვე”.

ამის შემდეგ, “მეტრონომი” დაუკავშირდა კანონპროექტის ავტორ ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც ჩურჩულით, მოკლედ გვიპასუხა:

“საჯარო სამსახურის შესახებ კანონი” არსებობს, რომელიც  ითვალისწინებს, ხელფასის ქვეშ ყოველთვიურ თანამდებობრივი სარგოს, ყოველთვიური დანამატის, ყოველთვიური   პრემიის გაცემის უფლებას. ჩემი ინიციატივა კი ეხება პრემიის გაცემის უფლების შეზღუდვას, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისათვის.”

როგორც ირკვევა, 2017 წლამდე თანამდებობის პირებს მაინც მოუწევთ პრემიების აღება. არადა, მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გაჭირვებულად ცხოვრობს, პარლამენტში მათი ხმა და მდგომარეობა, როგორც ჩანს მაინც ბოლომდე არ ესმით.

 

ნუკი მჭედლიშვილი

იტვირთბა....