ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახალი ინფორმაცია გორში მომხდარ ავტოკატასტროფის შესახებ

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს ბრალი წარედგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით  დადგინდა, რომ 2020 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მარჯვენა სამოძრაო ზოლში, დასავლეთის მიმართულებით  მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მ.ს.-მ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ბ.რ. და მისი მგზავრები – ო.ჯ., ბ.შ., ი.გ., ე.ა. და გ.ჯ. გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა, მ.ს. 2020 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს გორთან ავატოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიკროავტობუსი თბილისიდან გორის მიმართულებით გადაადგილდებოდა რა დროსაც ტრაილერი დაეჯახა. 

მიკროავტობუსში “ნაცმოძრაობის” აქტივისტები  ისხდნენ, რომლებიც თბილისში გამართული აქციის დასრულების შემდეგ გორის მიმართულებით გადაადგილდებონენ. 

იტვირთბა....