კორნელი კაკაჩია: ბურჭულაძის რეგიონებში მოგზაურობას გარკვეული მიზნები აქვს…
ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძემ ახალი ორგანიზაცია დააფუძნა, რომლის მიზანი „ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციაა.“ ჩამოყალიბდება თუ არა ამ ორგანიზაციიდან პარტია ჯერჯერობით უცნობია.
როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ვიგებთ, ორგანიზაცია „პაატა ბურჭულაძე- საქართველოს განვითარების ფონდი“ საჯარო რეესტრში 2015 წლის 2 ნოემბერს დარეგისტრირდა. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა პაატა ბურჭულაძეა, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი – ივანე მაჭავარიანი („ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მიხეილ მაჭავარიანის ძმა), წევრები მერაბ ტყეშელაშვილი და ირაკლი გურჩიანი. ეს უკანასკნელი „ტოიოტა ცენრტი თბილისის“ დამფუძნებელია.
“მეტრონომი” დაუკავშირდა „ტოიოტა ცენტრ თბილისს“, ჩვენ გვინდოდა ბატონ ირაკლი გურჩიანს გავსაუბრებოდით, თუმცა ჩვენ მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძეც იყო, თუმცა მან უარყო ახლადშექმნილ ორგანიზაციასთან კავშირი.
შეგახსენებთ, რომ ბევრი ანალიტიკოსი აანონსებდა ბურჭულაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლას. „მეტრონომთან“ ამაზე პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამაც ისაუბრა. მისი თქმით, ბურჭულაძის რეგიონებში მოგზაურობას „გარკვეული“ მიზნები აქვს.
სხვადასხვა პოლიტიკური პარტია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცდილობდა ბურჭულაძე დაერწმუნებინა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა, თუმცა მაშინ ბურჭულაძის დარწმუნება ვერ მოხერხდა.