ხელიდან გაეპარა, ტყეში დაემალა, დაეკარგა, რომელიღაც ხის უკან დადგა და მან ვეღარ დაინახა – ამის შესახებ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თავდამსხმელის დასაკავებლად მიმდინარე სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და დაიწყო უბრალოდ დამნაშავის ძებნის ოპერაცია, რომელიც ნებისმიერი სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო.
„ვფიქრობ, რომ სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ის ჩვეულებრივი ტერორისტია, ტერორიზმი არ არის აუცილებლად თანამდებობის პირზე თავდასხმა ან ტრადიციულად რომ წარმოგვიდგენია, მხოლოდ და მხოლოდ იმ ტიპის მოქმედება. დამნაშავის დაპატიმრება შესაძლოა 2 და 9 თვეც გაიწელოს, აქ საუბარი იყო დაუყოვნებელ ფაზაზე და დაუყოვნებელ ოპერაციაზე, როდესაც ვაძლევთ ფულს, უზრუნველვყოფთ მძევლებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას და მათ გათავისუფლებას და როდესაც გვაჩვენებს ხელისუფლება, რომ დაუყოვნებლივი გეგმა აქვს, რომლითაც უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი შედეგის მიღება, დამნაშავის მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა – ეს ფაზა დასრულდა, ეს მომენტი საქართველოს ხელისუფლებას ხელიდან გამოეპარა რაღაცნაირად, ტყეში დაემალა, ტყეში დაეკარგა, რომელიღაც ხის უკან დადგა და მან ვეღარ დაინახა, ამიტომ ეს დასრულებულია. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, დამნაშავეს ოდესმე დაიჭერენ თუ არა, მაგრამ რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ თავად ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრი გვესაუბრებოდა, წარუმატებლად დასრულდა, ის ანტიტერორისტული ოპერაცია დამთავრებულია. ახლა დაწყებულია უბრალოდ დამნაშავის ძებნის ოპერაცია, რომელიც ნებისმიერი სხვა დანაშაულის შემთხვევაში შეიძლებოდა გვქონოდა სახეზე. აგერ 8 წელია მიხეილ სააკაშვილის ძებნის ოპერაციას ატარებს ეს ხელისუფლება,“- განაცხადა ხიდაშელმა.