„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი.
„კაცთა მოდგმას კრიმინალი დაბადებიდან თან სდევს. პირველი გარდაცვლილი ადამიანიც ხომ ძმის მიერ იყო მოკლული. რეალური ისტორია თუ მხატვრული ლიტერატურა დამნაშავეთა მრავალფეროვან პალიტრას გვინახავს. არტემიდას ტაძრის დაწვიდან ჯონ ლენონის მკვლელობამდე ათასწლეულებმა განვლო, მაგრამ უკან რომ მოიხედავ, აღმოაჩენ, რომ ჰეროსტრატე და დევიდ ჩეპმენი უფრო ჰგავან ერთმანეთს, ვიდრე აჩი და შოთი არველაძეები. კეთილშობილ მძარცველებსაც იცნობს ისტორია და ცივსისხლიან მანიაკებსაც. არსენა მარაბდელი, რობინ ჰუდი და რიაზანოვის ძეტოჩკინი; მფატრავი ჯეკი, ჩიკატილო და ეილინ უორნოსი.
Тварь ли я дрожащая или право имею? – რასკოლნიკოვმა ეს დილემა, ხაზარაძეს არ ეწყინოს და, მევახშე დედაბერის მკვლელობით გადაჭრა – ასე უკუღმართად გაუმკლავდა უსამართლობას მისი მართლაც მთრთოლავი ეგო და სნეული გონება. მოკლედ, რა არ გადაგხვდენია და რა არ გვინახავს, მაგრამ მძარცველი ბანკში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანხლებით ბოროტ-მოქმედებდეს, ეს, მგონი, პირველად მოხდა და ისიც ზუგდიდში. კომუნიკაციის ეპოქა, ეტყობა, თავისას ითხოვს, მაგრამ იმას სად წაუვიდეთ, რომ ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი, საკომუნიკაციო პლატფორმებად კი, თავად მოგეხსენებათ, რომელი არხები შეარჩია. რომ არ დამავიწყდეს, სპიკერებში გენდერული ბალანსიც მკაცრად იყო დაცული…“ – წერს ნაცვლიშვილი.