“წინა ხელისუფლების დროს ბანდიტიზმი გაჯეჯილებული იყო. ჩვენ დროს ასე არ არის! ყაჩაღობის ფაქტები რამდენიც გინდა, იმდენი იყო – 2006 წლიდან 2012 წლამდე სამჯერ მეტი იყო, ვიდრე არის 2013 წლიდან 2019-მდე. ეს არის ფაქტი და ამ სტატისტიკას ვერ წაუხვალთ! ყველაფერს ეცდებიან, რომ გადაიფაროს დავით გარეჯის თემა, რომელიც ქუხულივით გაისმა და არის დიდი რეზონანსი.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს გამოეხმაურა.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.