მთავარი ციტატა

“არ გამოვრციხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები თუ ტერორისტული აქტები ხდება”- ვოლსკი

„ჩემი პირადი პოზიცია არ არის ამ შემთხვევაში საინტერესო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხალხი, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვინც პოლიტიკური ბარიერის იქიდან გვიპირისპირდება, საერთოდ ყველაფერზეა წამსვლელი, შავზე რომ თეთრი თქვან და თეთრზე შავი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რეალურად არც იმას გამოვრციხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები თუ ტერორისტული აქტები ხდება, არ გამოვრიცხავ არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ რომ ასეა.”

გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

 ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს გამოეხმაურა.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....