ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და არც ერთი უწყება, თავდამსხმელი ვინ იყო არ ამბობს?!” – ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე თქმით, ამ დრომდე, რაღაც საოცარი განცდაა, რომ რაღაცას მალავენ და რაღაც კონფიდენციალური ამბები ხდება.

“ამ დროისთვის თქვენ თავდამსხმელის სახელი და გვარი იცით? შეიძლება, რომ საზოგადოებამ მეორე დღეს მაშინ, როდესაც მოლაპარაკება დასრულებულია, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელს ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს და გაიყვანეს უსაფრთხოდ, არავინ არ იცის სახელი და გვარი?! ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება? ესაა გასაიდუმლოებული და ვისთვისაა ეს გასაიდუმლოებული? ანუ ვისთვის ინახება ეს ინფორმაცია, ან რას ნიშნავს ის, რომ ამდენი საათის შემდეგ საზოგადოებამ და ქვეყანამ თავმდამსხმელი სად წავიდა არ იცის, რომელიც საფრთხის შემცველია.

სახიფათოა არჩევნების წინა დღეებში ასეთი მოვლენების კვალდაკვალ პროცესები, სახიფათოა, დღისით მზისით, შეიარაღებული ადამიანი ყველაზე უფრო დაცულ სივრცეში შედიოდეს, ძალიან სახიფათოა, რომ ასეთი სპეციალური ფორმით აღჭურვილ ადამიანი, როგორ გადაადგილდებოდა და როგორ შევიდა ბანკში ამ ოპერაციის ჩასატარებლად. ამ დრომდე, რაღაც საოცარი განცდაა, რომ რაღაცას მალავენ და რაღაც კონფიდენციალური ამბები ხდება” – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

იტვირთბა....