„როდესაც ასეთი მძიმე რამ ხდება, 19 ადამიანის სიცოცხლე იდგა რისკის ქვეშ, ასეთ დროს ცდილობ, პოლიტიკური ქულების დაწერას, ეს არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე პოლიტიკური მოროდიორობა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თავდამსხმელთან მოლაპარაკებაში შევიდა მედიის წარმომადგენელი, რაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს.
„დიალოგი, რაც მოლაპარაკების სახით შედგა, სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს. პრაქტიკულად გაამძაფრა რისკი, რომლის ქვეშაც იდგნენ მძევლები“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.