ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„სამხარეოს უფროსის როლი იყო ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს” – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკში“ მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, თავდამსხმელი თუ დაკავებული არ იქნება, მმართველი პარტიის არჩევნებში გამარჯვების შესახებ კითხვა გაჩნდება. ამის შესახებ მან საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.

„სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ…? ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია.

ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და „აორთქლდება“, ან ოკუპანტებთან სახვეწარი თუ ექნა, ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? მათ ხელში რომ სახელმწიფოს დღემდე მისიანების ნაწილიც კი ვეღარ დატოვებს, არათუ ჩვენ…. ამდენიც აღარ იციან ბიძინამ და მისმა ქვეშევრდომებმა?“ – წერს დავით ბერძენიშვილი.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იტვირთბა....