ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში გვინახავს” – გოცირიძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ზუგდიდში მომხდარს ეხმაურება. მისი თქმით, ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა სეიოზულ კრიზისშია და კრიმინალი დაბრუნდა. ამის შესახებ მან საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა:

„კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა. ხელისუფლება ამბობს, რომ დაგეგმა წარმატებული სპეცოპერაცია და უმსხვერპლოდ გაანთავისუფლა მძევლები. რომელია სიმართლე? ორივე სწორია. პოლიციელი, რომელიც დამატებით მძევლად აიყვანა ტერორისტმა, ქების ღირსია. ექსცესების გარეშე დაამთავრა ოპერაცია. ვისაც უფროსობა ფულის მიტანას დაავალებდა, ყველა ამ დღეში აღმოჩნდებოდა ანუ სიცოცხლის რისკის ქვეშ ერთის მხრივ და სახელის და დიდების-მეორეს მხრივ.

მომხდარი ფაქტის მთლიანი სურათი რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, რომ დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნობით. ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში გვინახავს. ჰო და, ამათ ხელში რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ. ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ანუ არჩევნებზე.  ვახდენ თუ არა კონკრეტული დანაშაულის, „რომელიც ყველგან შეიძლება მომხდარიყო“ პოლიტიზებას? დიახ. ეს არაა მხოლოდ კრიმინალური საქმე, ესაა პოლიტიკურიც, რადგან ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის ყველა სფეროში, მათ შორის დანაშაულის (აგერ უკვე ეგზოტიკუტისაც) ზრდის კუთხითაც“ – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იტვირთბა....