და აი კვლავ… მორიგ ჯერზე დავდექით გზაჯვარედინზე, რომელიც გზაჯვარედინად დიდხანს ვერ წარმოგვედგინა… ძალიან ბევრისთვის დღემდე ასე რჩება. ძალიან ბევრისთვის დღემდე აღუქმელი რჩება გზაგასაყარის ის განცდა, რომელსაც არჩევნები გვთავაზობს და მნიშვნელობა არ აქვს როგორი დიდია ხოლმე პოლიტიკური ძალაუფლების მქონეთათვის (არამარტო ჩვენთან) მისი დაკნინების ცდუნება, ის მაინც ჩვენი ფუნდამენტური უფლებაა!.. უფლება, რომელიც ხშირ შემთხვევებში თავის თავში მოვალეობასაც გულისხმობს და ითავსებს… ეს კი სწორედ ის შემთხვევაა და მისი არგამოყენება შეცდომაა!.. ჩვენივე სახლის განკარგვა მივანდოთ მათ, ვისაც ამის სურვილი ამოძრავებს, საამისოდ მთელი რიგი შესაძლებლობები გააჩნიათ და გვეუბნებიან, რომ ამისთვის მზად არიან, ეს ჩვენი უფლება-მოვალეობაა!.. “მე არა მხოლოდ უფლება მაქვს, მოვალეც ვარ განვსაზღვრო და ავირჩიო ძალა, რომელიც მიმაჩნია, რომ ჩემი და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების კეთილდღეობისთვის საჭირო ნოყიერ ნიადაგს მომიმზადებს და ამ ნიადაგის სტაბილურობაზე იზრუნებს.” – ასეთი უნდა იყოს ამომრჩევლის არჩევნებისადმი დამოკიდებულება.
ხელისუფლების სურვილს რაც შეეხება… ხელისუფლებას კვლავაც ის სურს, რაც აქაც და ყველგან, დღესაც და ყოველთვის სურდა… სურს განუსაზღვრელი უფლებები!.. უნივერსალური უფლება სურდა ძალაუფალს ყოველთვის და კაცობრიობის წინწასული, განვითარებული ნაწილისთვის თუ ამგვარი ზე-უფლება ასე თუ ისე შეიზღუდა და ზოგადად ხელისუფლება თუ საზოგადოების მხრიდან მეტ-ნაკლებ კონტროლს დაექვემდებარა, “მაჩანჩალა” სახელმწიფოებისთვის (“სამაგიეროდ როგორი ისტორიით!..”) პოლიტიკური ველი რაღაცა უკიდეგანო პრერიებად იქცა, რომელზედაც პოლიტიკოსები როგორც და საითაც უნდათ, ისე დაჯირითობენ, ძალაუფლების დაკარგვა კი რაღაცა დიდ ტრაგედიად წარმოუდგენიათ და შესაბამისად არც ეთმობათ, ოღონდ… დღეს საქართველოში ნათლად გამოჩნდა, რომ “ჩემი სურვილი, თხოვნა და მოთხოვნა” არათუ იგნორირებული, დახეული და მოქალაქისთვის სახეში შეყრილია. ხუთი, ექვსი წლის წინ ეს თუ ასე მკაფიოდ არ ჩანდა, დღეს ყველა მიმართულებით თვალს ჭრის და დადგა დრო, რომელიც გარკვეულ პერიოდში ერთხელ დგება ხოლმე… მოედანზე ჩვენი, ამომრჩევლის გამოსვლის დრო დადგა.
არჩევნები… კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით იქ, სადაც ქართველისთვის დგომა ახალი ხილია და საკუთარი ბედის არჩევნების მეშვეობით განკარგვას გადაჩვეული (უფრო სწორად ასეთის არასდროს მცოდნე!.. გაბიულეტენებული ეიფორიები, რომლებიც ბოლო ოცდაათ წელიწადში სამჯერ გვქონდა არ ითვლება) ამ მოვლენას არაიმდენად სკეპტიკურად უყურებს, რამდენადაც მის სტატუსს ვერ აფასებს სათანადოდ და ეს გარკვეულწილად გასაგებიც არის.
არჩევნების “ინსტრუმენტალიზება” ქართველის გონებაში ჯერაც არ მომხდარა… ჩანასახის მდგომარეობაშია კვლავაც და არჩევანსაც ჩვენთან უმეტესწილად ზოგადისა და კონკრეტულის ის ბუნდოვანი ნაზავი განაპირობებს, რომელშიც ამომრჩეველი ვერც ზოგადს ხედავს მკაფიოდ, ვერც კონკრეტულს და შესაბამისად მისი ხმაც ის მუხტგამოცლილი აქტია, რომელიც კანდიდატის ყულაბაში კი ვარდება, თუმცა იმავდროულად მას ვერ და არ ავალდებულებს!.. ჩვენთან ხმას მეტწილად ჯერ კიდევ სრულიად აპოლიტიკური და აზრგამოცლილი მოტივით აძლევენ, ვიდრე პირიქით… ზუსტად ამიტომაც საარჩევნო პროგრამა, როგორც ასეთი, დისკრედიტირებულია და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც მისი რეალიზების არც სურვილს და არც ძალისხმევას ჩვენთან, როგორც წესი, პოლიტიკოსი დიდად არ ავლენს ხოლმე.
კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ინფიცირებულთან… ბოდიში!.. რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების შესახებ!..
როგორც ზემოთ ითქვა პირველი და ძირითადი არის ის, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის არჩევა და მისთვის ქვეყნის სადავეების მინდობა, ეს ჩვენი უფლება-მოვალეობაა!..
მეორე, და ასევე ზემოთ თქმული, არის ის, რომ ყველა მოქმედი ხელისუფლება არჩევნების დაკნინებას (ანუ ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებას) ცდილობს… ზოგგან ეს ფილიგრანულ დონეზე კეთდება, ზოგგან პირველყოფილ დონეზე, თუმცა მოტივი ყველგან ერთია, შესაბამისად არსობრივი სხვაობა მათ შორის არ არის და მოდით უფლება-მოვალეობებიდან გადავიდეთ სურვილზე… ჩვენს სურვილზე არა, ჩვენი სურვილი ერთადერთია (უნდა იყოს იდეაში) და აქაც გავიმეორებ: …ჩემი და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების კეთილდღეობისთვის საჭირო ნოყიერი ნიადაგის მომზადება და ამ ნიადაგის სტაბილურობაზე ზრუნვა. – ეს არის ჩემი სურვილიც, თხოვნაც და მოთხოვნაც, რომელიც ჩემმა არჩეულმა ხელისუფლებამ თუ დამიკმაყოფილა, ამით მისი მხარდაჭერის სტიმული კიდევ ერთხელ მომცა, ხოლო თუ ზემოთჩამოთვლილი ვერ დამიკმაყოფილა, მაშინ ხელისუფლებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, ვართმევ ხელს, ვემშვიდობები და ვირჩევ შემდეგს… ეს იმდენად ბუნებრივი და თავისთავად გასაგები რეალობებია, რომ მათში ცხოვრება თითქოს უფრო მეტად მარტივიც და სასიამოვნოც უნდა იყოს და ხელოვნურად მათზე ზემოქმედებისა და ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების სურვილსაც წესით არ უნდა აღძრავდეს!.. თუმცა ეს იმდენად შორსმიმავალი თემაა, რამდენადაც ზოგადად ადამიანის ჯერ მოზარდი ბუნება და მისთვის ამის გამო ბრალდების წაყენება დღეს ნაადრევი და ზედმეტია… “უყვარს ბავშვს სირბილი და დარბის… დარბის და მუხლებიც გადატყავებული ამიტომ აქვს!” – აქ და ეხლა ამით თუ შემოვიფარგლებით…
და ბოლოს… “ყველანი არჩევნებზე!”- ეს, ერთი შეხედვით გაცვეთილ-ტრივიალური მოწოდება, რომელიც ცხოვრებაში და სხვადასხვა ენაზე ალბათ უამრავჯერ გვსმენია, ჩვენთვის არასდროს ყოფილა ისეთი მრავლის მთქმელი და მრავლის განმსაზღვრელი, როგორიც დღეს არის… დღეს, ასეთი მუქი ფერებით შემოსილ ყოველდღიურობაში, არა მორიგი(!), არამედ გარდამტეხი(!) შანსი გვეძლევა გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების კეთილდღეობისთვის საჭირო ნოყიერ ნიადაგს მოგვიმზადებს და ამ ნიადაგის სტაბილურობაზე იზრუნებს…
ასე რომ – ყველანი არჩევნებზე!
ვასო შონია