ვაშაძე: რესპუბლიკელებს ორაზროვანი განცხადებებით უნდათ სახე შეინარჩუნონ
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა. ამის შეახებ პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამ თემასთან დაკავშირებით, იურიდიული კონსულტაციებისათვის, “მეტრონომი“ შეეცადა “საიასთან“ დაკავშირებას, მაგრამ იქ კომენტარი არ გააკეთეს, იმ მოტივით, რომ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან. რაც შეეხება, უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს, “მეტრონომმა“ პარლამენტის ამ განცხადებაზე კომენტარი ელისო ჩაფიძესა და გიორგი ვაშაძეს თხოვა.
პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “პარლამენტი პატივს სცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს და წარმოდგენილი შუამდგომლობით ეჭვქვეშ არ აყენებს სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. შესაბამისად, შუამდგომლობაში გამოხატული პოზიციები აღქმული უნდა იქნეს მხოლოდ პარლამენტის, როგორც ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში მოპასუხე მხარის პოზიციები. საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. ამის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის” ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორთან ბატონ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.” – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელისო ჩაფიძე: “რა თქმა უნდა, პარლამენტი აღნიშნულ პროცესზე წარმოდგენილია, როგორც მხარე, რომელმაც მიიღო კანონი, რომლის შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. შესაბამისად, მხარეს და მის წარმომადგენელს აქვს ნებისმიერი შუამდგომლობის დაყენების უფლება. დიახ, რადგან არსებობს მოსამართლეების ობიექტურობასთან დაკავშირებული გარკვეული შეკითხვები, ამიტომ შეკითხვების და სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, ნამდვილად არის უმჯობესი, თუკი სასამართლო აცილებას მისცემს საკუთარ შემადგენლობას და სხვა შემადგენლობა განიხილავს.”
გიორგი ვაშაძე: “ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს პარლამენტის თავჯდომარის პოზიციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ზოგადად, მემგონი ყველამ კარგად გაიგო “რესპუბლიკური პარტია” მისი თავჯდომარე და მთელი მისი გუნდი, არის უბრალო ხელისმომწერი, იმაზე რაც ქვეყანაში ხდება. უბრალოდ, რესპუბლიკელებს ორაზროვანი განცხადებებით უნდათ რომ სახე შეინარჩუნონ, მეტი არაფერი. სამარცხვინოა ეს შუამდგომლობა. საქართველოში ყველა წამყვანი იურისტი ერთმანეთის ან ჯგუფელია ან დაქვემდებარებაში მუშაობდა ან ა.შ.”