ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სატელევიზო სივრცეში გარეჯის საკითხზე ამდენი საუბარი ჯადოსნური ხელის ქნევას ჰგავს” – მეუფე ჟურნალისტებს მიმართავს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სატელევიზო სივრცეში გარეჯის საკითხზე ამდენი საუბარი ჯადოსნური ხელის ქნევას ჰგავს.

მისივე განცხადებით, დავით გარეჯია საქართველოა, ხოლო მასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია „ნილსის და გარეული ბატების მოგზაურობას“ ჰგავს.

„ერთ შეკითხვას დაგისვამთ, სელმა ლაგერლოფი იცით ვინ არის?ძალიან ცნობილი საბავშვო მწერალია და დაწერილი აქვს „ნილსის და გარეული ბატების საოცარი თავგადასავალი“. ამ თავგადასავალში არის ერთი მომენტი – თაგვები აწუხებენ ქალაქს და ნილსმა იშოვა ჯადოსნური სალამური, უკრავს მასზე, უკან მიდის და თაგვები მოჰყვებიან. მთელ თაგვებს გაიყვანს, ეს დიდია, წყალში შევა და ამ თაგვებს გადაჩეხავს. მგონია, რომ რაღაც უხილავი ხელი, ჯადოსნური ხელი აქნევს ამ საკითხს, ვიღაც სალამურზე უკრავს და ეს თქვენ ხართ, ჟურნალისტები. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ამ სალამურის ხმაზე მოგყვებით. უმსგავსობაა ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი, რადგან მინდა დაგარწმუნოთ, გარეჯის საკითხზე საუბრით გარეჯს არც არაფერი მოემატება და არც მოაკლდება. გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ცნობისთვის, დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

იტვირთბა....