“გახარია ლამის დაადგა ენმ-ეს კურს,” – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ალტ-ინფოს” ეთერში, საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
არქიმანდიტრმა “ალტ-ინფორ” ეთერში საუბრისას განაცხადა, თუ როგორ რეაგირებდნენ დავით გარეჯის საქმეზე “ქართული ოცნების” დროს დანიშნული პრემიერმინისტრები.
როგორც მან განაცხადა, დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მძლავრი შედეგები ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს იყო, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ უძრაობის ხანა დადგა. იგი ასევე დადებითად აფასებს მამუკა ბახტაძის მუშაობას ამ საკითხზე, განსხვავებით გიორგი გახარიასგან, რასაც არქიმანდრიტი კირიონი “სტაგნაციის” პერიოდად მოიხსენიებს.
“ღარიბაშვილი მიდის ხელისუფლებიდან და მის მიერ მთელი ეს მომართული საქმე გაჩერდა. მოდის კვირიკაშვილი და მთლიანად არის უძრაობის პერიოდი – არც უარყოფითი, არც დადებითი, უძრაობაა. ვხვდები მე კვირიკაშვილს ოთხჯერ ან სამჯერ პრემიერის კაბინეტში, გვაქვს საუბრები, თხოვნები, ის ხვდება მერე მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და არის უცნაური პასუხი. იქ არის ნიუანსი, რომელსაც ჯერ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გამოძიებისთვის არ არის ალბათ გაშლილი ეს თემა და მეუბნება [კვირიკაშვილი], რომ მიხეილ ჯანელიძეს შინაგან დონეზე არ ჯერავს ამისი და ამიტომ მეც დაბნეული ვარ, რა ვქნა არ ვიციო. მე გაოგნება გამოვხატე, რადგან აქ საუბარია დოკუმენტალურ ფაქტზე და შინაგანი რწმენით რომ ვერ იჯერებ, რომ ამ კაცმა დანაშაული ჩაიდინა, ეს არ არის მოსაყვანი.
შემდგომ პრემიერად მოდის მამუკა ბახტაძე და მინდა მას მადლობა განვუცხადო და ამას ვამბობ, სადაც ვახერხებ ამის წმას, იმიტომ რომ მასთან შეხვედრა მქონდა ორჯერ, ავუხსენი ყველაფერი და ვუთხარი, რომ კომისიაში გლახად არის საქმე და მან მკითხა, მამა კირიონ რა შეიძლება გავაკეთო მე, როგორც პრემიერმა და მე ვუთხარი, რომ აუცილებელია და სასწრაფოა კომისიი გაჯანსაღება. იმ მოკლე დროში, რაც ის პრემიერი იყო, ეს იყო სრული პოზიტივი ამ საქმეში. თუმცა, არ ჰქონდა ის ენერგია მიწოლის, რაც ჰქონდა ღარიბაშვილს”. – განაცხადა არქიმანდრიტმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
ცნობისთვის, დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.