თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით გარეჯი საკითხზე საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა ჰქვია.
მისი თქმით, შოკისმომგვრელი იყო, რომ ვერსად ვერ მიაკვლიეს საფუძველთა საფუძველს.
„მოვყვები ქრონოლოგიურად როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. 2013 წლის ბოლოს გავიცანი მეუფე კირიონი მან მომიყვა ისტორია, რომ 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ დავით გარეჯის ქედზე. უცებ გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენს მესაზღვრეებს ეუბნებიან, რომ ბიჭებო ახლა თქვენ ჩადიხართ ქვევით, რადგან ამ ქედზე უნდა დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ვნებათაღელვა და გაუგებრობა, რა ხდება და რატომ. რა თქმა უნდა, ვერავითარ სამართალს მათ ვერ მიაღწიეს. მამა კირიონის თქმით, ეს გაუგებარი და მტრული მდგომარეობა გაგრძელდა 2012 წლამდე, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა. არქიმანდრიტმა მთხოვა, რომ იქნებ ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ. მე მაშინ პრემიერ-მინისტრი ვიყავი და ეს იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. არქიმანდრიტი ალასანიას მეშვეობით გავიცანი, მითხრა, რომ მის ბავშვობის მეგობარს სურდა ჩემი გაცნობა. შემდეგ გავიცანი ნოდარ ხორბალაძე, უწესიერესი, მაღალი კვალიფიკაციის კარტოგრაფი, რომლის სიჯიუტემ მოგვიყვანა დღევანდელობამდე. ასევე თედო გორგოძე. მაშინ მე მქონდა უსაფრთხოების საბჭო, ჩემი სათათბირო ორგანო და მინდია ჯანელიძე იყო ამ საბჭოს მდივანი. მინდია ჯანელიძეს დავავალე ამ საკითხის ირგვლივ ყველაფრის გარკვევა და დაიწყეს ინფორმაციის მოძიება. ჯერ კიდევ 1938 წელს კავკასიის რესპუბლიკები შეთანხმდნენ, რომ იმ წელს გამოყენებულ რუკებს საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის დროს. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ეს რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში შევიდნენ ასეთი, ასე ვთქვათ საზღვრებით. 1996 წელს, მაშინდელი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის თაოსნობით 2 სახელმწიფოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით. ერთი 200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ. მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაიწყეთ ამ რუკის მოძიება. არქივებში არ იყო არსად. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი და არ უნდა ყოფილიყო რთული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში, დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.