ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გუშინ პარლამენტმა, ჟოგორკუ-კენეშმა ახალი მთავრობა დაამტკიცამ რაზეც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

როგორც ჟეენბეკოვი აღნიშნავს,  დაძაბული ვითარების გამო, სამართალდამცავები ვალდებულები იქნებიან იარაღი გამოიყენონ სამთავრობო რეზიდენციების დასაცავად, ამიტომ ის ყველა მხარეს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ წამოეგონ.

“სამწუხაროდ, აგრესია არ ნელდება და ჩემი გადადგომის მოთხოვნა გრძელდება. არსებული ვითარება ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთ მხარეს არიან მომიტინგეები, მეორე მხარეს – სამართალდამცავი ორგანოები. შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავები ვალდებულები იქნებიან იარაღი გამოიყენონ სამთავრობო რეზიდენციების დასაცავად. ამ შემთხვევაში სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, არ წამოეგონ პროვოკაციებს,“- წერს სოორონბაი ჟეენბეკოვი.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 5 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს.

პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მათ ქვეყნის მთავრობის შენობაც დაიკავეს.ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.

პროტესტის შედეგად ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი გადადგა. ყირგიზეთში 6,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა რუსეთთან არის დაახლოებული. ბოლო 15 წლის განმავლობაში ყირგიზეთის 2 პრეზიდენტი შეიცვალა რევოლუციით.

იტვირთბა....