“ჯერ კიდევ გამოძიებას არ ჰქონდა ბრიფინგი ჩატარებული, როდესაც ძველი ოპოზიციისგან ვნახეთ ორკესტრირებული თავდაცვის რეაქცია. რაზე იმართლებდნენ თავს, მაშინაც ვიკითხე და დღესაც ვკითხულობ. გაგიჩნდათ ეს შეკითხვა? კონკრეტულ საკითხებს გამოძიება იძიებს, ამ დროს ძველი ოპოზიცია გამოდის და ორკესტრირებულად თავს იმართლებს. კითხეთ ამ ხალხს, თავს რაზე იმართლებენ.”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე
ამის შესახებ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.