დედაქალაქში პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს.
„ამ ეტაპისთვის კონკრეტულად საფუძველი არ გვაქვს ამისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც რჩება – პირბადეების გამოყენებაა და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ. რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი სახის მობილობის შეზღუდვას, ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ამ პრობლემის ნომერ პირველ გადაწყვეტას, ვინაიდან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ, როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ისე ღონისძიების დაცვის ხარისხს, მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილის შორის ამ ღონისძიებების გატარების ხარისხი და იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, -აღნიშნა მინისტრმა.