ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთი დაკავებულის დედა აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს და კონკრეტულ გვარებს ასახელებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის დედა განცხადებას აკეთებს.

ვახო ჩიქოვანის დედა 18 ივნისის ღამის იმ დეტალებზე საუბრობს, რაზეც მისი შვილი ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს. ნინო გოგაშვილი, “კურიერთან” აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს და იმ გვარებს ასახელებს, ვინც არცერთ დაკითხვის ოქმში, როგორც მოძალადეები, არ ფიგურირებენ.  ნინო გოგილაშვილი დარწმუნებულია, რომ მის შვილს ნარკვევის დასახლებაში ქათამაძეც და ახვლედიანიც გაუსწორდნენ.

მისივე მტკიცებით, ჩიქოვანს დაზიანება თავის არეში, კრამიტის გარდა, დანის ტარით აქვს მიყენებული, თუმცა დანა საქმის მასალებში არ ფიგურირებს. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ვახო ჩიქოვანს მისი მეგობარი აკაკი ქვრივიშვილი გადაეფარა, ვახო ახვლედიანის თეთრ პერანგზე კი სწორედ ჩიქოვანის სისხლის ლაქა ჩანს.

“რომ გადმოვიდნენ, ვახოს ალბათ თავის მცემელებზე ჰქონდა ალბათ უფრო აგრესია, რო დაინახა ვინც სცემა. იმიტომაც შეიძლება ურეკავდა ქათამაძეს” – აცხადებს ბრალდებულის დედა.

ჩიქოვანის დედა გიორგი ქათამაძესთან მისი შვილის სატელეფონო ზარს აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს, მისი თქმით ბრალდებულს ავტომაგისტრალზეც სწორედ იმ პირების მისამართით ჰქონდა აგრესია ვისთანაც დაპირისპირება მოუვიდა. დაზარალებულისა და ამავდროულად ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა აგარაკზე ნ.ხ.-ს დაცვა სცადა, სწორედ ამიტომ მას რამდენიმე პირი თავს დაესხა  “მივიდა, მიიწია, დავილაპარაკოთ, რატომ სცემთ და ეგრევე კრამიტი მოხვდა თავში. დაგდებულზე მოხვდა დანის ტარი,” – განაცხადა ნინო გოგილაშვილმა.

ვახო ჩიქოვანის დედა “კურიერის” კამერასთან პირველად ისაუბრა ვრცლად 18 ივნისის ღამის შესახებ, სადაც განმარტა, რომ “ტოიოტას” ყველა მგზავრი მცხეთაში მას შედეგ წავიდა, რაც არასრულწლოვანმა ლ.შ.-მ ნიკა ჟვანიას დაურეკა და დახმარება სთხოვა.  ჩიქოვანის დედა იმასაც ამტკიცებს, რომ მისი შვილისა და არასრულწლოვან ნ.ხ.-ს გარდა აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დროს ნიკა ცუცქირიძე და არასრულწლოვანი ნ.ქ. დაშავდნენ. ფაქტს ადასტურებს ნ.ქ.-ს ოჯახი და ამბობს, რომ მან დაზიანება თავზე მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ნიკა ცუცქირიძის ადვოკატის განცხადებით კი ბრალდებულმა არ იცის ვინ დააზიანა.

დედის ბრალდებებს პასუხობენ ადვოკატები, ნაწილი მის განცხადებებს არ იზიარებენ, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პატიმრის დედა პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვაზე ცდილობს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

იტვირთბა....